5 ყველაზე საშურველი მოვლენა ჩემთვის

შური შურია ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს ფერს, ზომას და ფორმას. დავნომრო თუ ისე ჩამოვთვალო ვფიქრობ. მოკლედ, პირველი, რისიც, ვისიც მშურდა ყოველთვის, არის მაღალი ადამიანები. არა, ,,ნახტომშიმეტრანახევარი” არ ვარ. არც დაბალი მეთქმის, მაგრამ სიმაღლეზე ყოველთვის გაიდეალებული წარმოდგენა მქონდა.

მეორე, რაზეც უამრავჯერ მიფიქრია და მიმსჯელია – მოზღვავებული ტალანტი ადამიანისა, განსაკუთრებით გამოკვეთილი რომელიმე სფეროში. მაგალითად მათემატიკის, ფიზიკის, მხატვრობის, მუსიკალური თუ სხვა ნიჭი, ანუ ისეთი შესაძლებლობა, როცა შეგიძლია ერთი გარკვეული და კონკრეტული საქმიანობით დაკავდე და თავი არ იმტვრიო, ოპტიმალურ ვარიანტის ძებნაზე და სად შეიძლება ,,გამოდგე” ყველაზე მეტად.

მესამე, გაბედულება.. ამ თვისებასთან დიდი დრამები მაკავშირებს, თავის მოსაწყლება რომ არ დავიწყო. მოკლედ და კონკრეტულად ყოველთვის მინდოდა ცოტათი მეტად, ან უფრო მეტად გაბედული ვყოფილიყავი, ვიდრე ვარ. ვაფასებ ზომიერად გაბედულ ადამიანებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც საკუთარი პიროვნების წარმოჩენა შეუძლიათ.

მეოთხე, ნებისყოფა! ეს თვისება ნუსხის სათავეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ღირსებათაგანი, რომელიც იშვიათად თუ შემინიშნავს ადამიანებში და სიმართლე ვთქვა, ყოველთვის ,,შემშურებია” და აღფრთოვანებით შემიხედავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, აკონტროლოს საკუთარი ნერვები. ნებისყოფიდან გამომდინარეობს მიზანდასახულობა და სხვა ბევრი კარგი თვისება, რითაც შეგიძლია წარმატებას მიაღწიო.

დაბოლოს, მშურს წიგნის პერსონაჟების, ერთი მოკრძალებული მიზეზის გამო- ისინი არ არსებობენ!

Featured image

Advertisements