ჰყავს თუ არა ქართულ თეატრს მაყურებელი

დღეს, როცა ფასეულობათა გადაფასება მიმდინარეობს, საკმაოდ გართულდა კავშირ-ურთიერთობა თეატრსა და ცხოვრებას შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს კავშირი გარკვეული თვალსაზრისით დაირღვა კიდეც, საქმე ის არის, რომ თეატრმა დაკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია და ამასთან ერთად მაყურებელიც. სცენა აღარ არის მასობრივი სანახაობის ადგილი. მისი სივრცე საკმარისზე მეტად შეავიწროვა ტელევიზიამ, ინტერნეტმა და მასობრივმა სანახაობებმა.21-ე საუკუნის საქართველოში, სოციალურ-პოლიტიკურმა პროცესებმა გარკვეულწილად შეაფერხა პროგრესი. ადამიანის ყოველდღიურმა საზრუნავმა, გაჭირვებამ მოიტანა ყოველივე.ზოგი იტყვის, რა დროს თეატრი და სულიერი საზრდოა, როდესაც ყოველ მეხუთეს ხორციელი საზრდო არა აქვსო და მართალიც იქნება.

Picture 129

მასობრივმა კულტურამ თეატრს სივრცეც წაართვა და მაყურებელიც. ამან გემოვნების დაქვეითება და სულიერი გაღატაკება გამოიწვია. უგემოვნო მაყურებელი თეატრში არ დადის. (აქვე მინდა დავაზუსტო,  ვინც თეატრში არ დადის,არ ნიშნავს,რომ ყველა უგემოვნოა.)  ერთი შეხედვით, თეატრმა დაკარგა აქტუალურობა, მაგრამ არ დაუკარგავს მნიშვნელობა. იგი კვლავ ინარჩუნებს მაღალ ფასეულობებს. მას მაინც შემორჩა თავისი მაყურებელი, რომელიც არის იმდენი, რამდენსაც იზიდავს თავისი დღევანდელი კულტურული დონით.

ჩემი აზრით, თეატრი ისევე ესაჭიროება საზოგადოებას, როგორც პური. ადამიანის სულიერი აღზრდა თეატრის გარეშე წარმოუდგენელია. რატომღაც მგონია, რომ მისი დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობა დროებითია. ქართულს თეატრს, დღიდან მისი დაარსებისა, განსაკუთრებული ეროვნული ფუნქვია აკისრია. მარჯანიშვილისა და ახმეტელის სარეჟისორო ოსტატობამ საფუძველი დაუდო ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას, მეოცე საუკუნის ქართულ ხელოვნებას მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის თეატრებმა მსოფლიო აღიარება მოუტანა. ერთი სიტყვით, ქართული თეატრი-ეს არის ქართული კულტურის საფუძველთა საფუძველი. მის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული თვითმყოფადობის გადასარჩენად.

არსებობს თუ არა პრობლემიდან გამოსავალი. რა თქმა უნდა არსებობს. საჭიროა ახალგაზრდული აქტივობებს მიეცეს მასობრივი სახე, მოიძებნონ სპონსორები,  სახელმწიფომ  და საზოგადოებამ ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას.  დაბოლოს, იმედი მაქვს რამოდენიმე წლის შემდეგ ამ პრობლემაზე საუბარი აღარ მოუწევს საზოგადოებას.

პ.ს. ფოტო გადაღებულია ბათუმის დრამატულ თეატრში.

Advertisements