მილან კუნდერა – ,,გამოსათხოვარი ვალსი”

,,ამ ქვეყანაში ხალხი პატივს არა სცემს დილას. მაღვიძარათი იღვიძებენ, რაც მათ ძილს ნაჯახივით აწყვეტს თავს და მაშინვე თავფეხიანად ეშვებიან ყოველდღიურობის დამღუპველ მორევში. აბა მითხარით,  როგორი იქნება შემდგომი მთელი დღე, რომელიც ამგვარი ძალადობის აქტით დაიწყება? რა შეიძლება დაემართოს ხალხს, რომელზეც საკუთარი მაღვიძარა ყოველდღიურად სუსტი დენის დარტყმასავით მოქმედებს? დღითი დღე ეჩვევიან ძალადობას და დღითი დღე კარგავენ სიამოვნებისთვის გემოს ჩატანების უნარს. მერწმუნეთ, დილა განსაზღვრავს და აყალიბებს კაცის ხასიათს. ”

,waltz-shutterstock_38230588-300x300,ქერა ქალი გაუაზრებლად ერგება თავის თმას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ქერა ქალი ყვითლად თმაშეღებილი შავგვრემანია, უნდა თავისი ფერის ერთგული დარჩეს, და ამიტომ ფაფუკ და აქროლად არსებასავით ქერქეტა თოჯინასავით იქცევა. ნაზ მოპყრობასა და მომსახურებას, გალანტურობასა და ალიმენტებს მოითხოვს. ხელს ვერ გაანძრევინებ, გარეგნული, ვითომ დახვეწილ არსებად მოგაჩვენებს თავს, შინაგანად კი ამ დროს ერთი გაუზრდელი და ტუტუცი ვინმეა. შავი თმა რომ იქცეს საყოველთაო მოდად, ნამდვილად უკეთ ვიცხოვრებდით ამ ქვეყანაზე. ეს ყველაზე სასარგებლო სოციალური რეფორმა იქნებოდა, რომელიც ოდესმე გატარებულა.”

Advertisements

კნუტ ჰამსუნი- ,,შიმშილი”

ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის ,,შიმშილი” 1890 წელს გამოქვეყნდა. ნოველა ფსიქოლოგიურია და ასახავს ადამიანის ფიზიკურ შიმშილს ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ მცირეოდენი ინტრიგით. სიუჟეტი დაფუძნებულია მწერლის რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებზე,სადაც გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მოქმედება მე-19 საუკუნეში, ქალაქ ქრისტიანიაში ხდება, სადაც მთავარი გმირი, უცნობი, ინტელექტუალი მაწანწალა ნორვეგიის ქუჩებში დაეხეტება და საკვებს ეძებს. იგი შეხვდება ერთ ახალგაზრდა, ამოუცნობ ქალს, სახელად  ილაიალის, რომელთანაც  უცნაური და ხანმოკლე ურთიერთობა ექნება. მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობისა, გაუსაძლისი შიმშილისა, მთავარი გმირი არ ღალატობს თავის მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს. უკანასკნელ და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ლუკმას მასზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს უნაწილებს. დახმარებაზე მუდმივად უარის თქმამ და ზედმეტმა პატიოსნებამ  იგი დაცემამდე მიიყვანა.Hunger-Knut-Hamsun

,,მე ყოველთვის მზად ვიყავი თავი ამაყად დამეჭირა, ყოველგვარ დახმარებაზე ქედმაღლურად თავი გამექნია და მეთქვა, ”არა, გმადლობთ”. და აი, ამან სად მომიყვანა: ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი.”

,,იმისთვის რომ საკადრისად დავსჯილიყავი, ავდექი და თავი ვაიძულე ფეხზე ვმდგარიყავი. საკუთარ თავს დავცინოდი და ჩემი უძლურება მახარებდა.”

,,სინდისიო, ამბობ? სისულელეა, შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო.”

,,იმისთვის რომ მოწყალებისა გჯეროდეს, გულზე ხელები უნდა დაიწყო და სატანაზე ეშმაკი გახდე.
ბოლოს და ბოლოს, წმინდანი ხომ არ ვიყავი, რომ იდიოტივით ზნეობას გადავყოლილიყავი, ჯერ კიდევ საღი გონება მქონდა.”

,,მშვენიერია, უბრალოდ ცოცხლად ყოფნაც კი!”

ემილ ზოლა-,,ხაფანგი”

  რა არის ნატურალიზმი?

მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომელიც გულისხმობს რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლას. მწერალი ექსპერიმენტს ატარებს ადამიანის ხასიათზე,გრძნობაზე, მოქმედებაზე, თუმცა თავს იკავებს განსჯისგან.289px-Émile_Zola's_L'Assomoir_by_Augustin_Daly

უკიდურესი რეალიზმია, ვიტყოდი, რომ რეალურზე უფრო საშინელი. შენ თვალწინ კარგავენ სახეს და ღორებად იქცევიან. ზიზღის მომგვრელია მათი ამორალური საქციელი. სიღატაკეში ლპებიან, ტალახში იძირებიან. წიგნში აღწერილი სცენები კინო-კადრებივით გიჯდება გონებაში. სურათი ისეთივე რეალურია, როგორიც ყოველდღიური ცხოვრება. არანაირი გაზვიადება. კითხულობ წიგნს, ამასთანავე უყურებ ფილმს. უცხო შეგრძნებაა. ავტორი მათ არ განსჯის, გიტოვებს უფლებას, თავად გააანალიზო მათი თითოეული ქცევა. საინტერესოა, რატომ მიმართა მწერალმა გამოხატვის ასეთ ფორმას, რისთვის დასჭირდა ასეთი განსხვავებული ხედვის შექმნა.

ადამიანები ტალახს ესვრიან სხვას, როდესაც თავად ყელამდე ტალახში არიან ჩაფლულნი.

,,მხეცებივით ცხოვრობენ ყველანი, ერთიმეორეზე არიან დაყრილნი, მამები, დედაბი,შვილები, საკუთარ სიბინძურეში კოტრიალებს ყველა. ეს ღორობა ყოველი მხრიდან ჟონავს და ყველა სახლს წამლავს ირგვლივ. დიახ! დიახ! აქ, პარიზის ამ კუთხეში, სადაც სიღატაკეს ერთიმეორეზე მიუყრია ისინი, ყველა, ქალიან კაციანად უნდა შეყარო ერთად, კირის დუღაბში მოაქციო და ალუბლის ბაღების გასაპოხიერებლად გამოიყენო”.

,,რა საჭირო იყო გაცნობა, ერთიმეორის სახლის ნომრის შეტყობა, ესენი ყველანი ერთი აბრის ქვეშ ცხოვრობდნენ ,,სიღატაკე და კომპანია”.

ჯერომ სელინჯერი -,,თამაში ჭვავის ყანაში”

  ვახტანგ ჭელიძის თარგმანი  წავიკითხე, მირჩიეს უფრო აკადემიურ და ლიტერატურულ ენაზეა გადმოქართულებულიო. მეორე გია ჭუმბურიძის ნათარგმნია. სათაურიც განსხვავებული აქვს ,,კლდის პირზე, ჭვავის ყანაში” ამ უკანასკნელსაც გადავავლე თვალი, მაგრამ რატომღაც არ მიმიზიდა. 

მთავარი გმირი, ჰოლდენ კოლფილდი როგორც პერსონაჟი  სხვადასხვანაირ ჭრილში დავინახე. ერთის მხრივ უარყოფითი, დაუმორჩილებელი მეამბოხე ბიჭი.  მეორე მხრივ ოდნავ მშიშარა, სევდიანი.ბევრი დადებითი თვისებით,ვისი  სულიც ვერ ეგუება თვალთმაქცობასა და სიყალბეს, რომელიც საზოგადოებაშია გამეფებული. მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი მისი და, ფიბია. არ შეიძლება ჰოლდენის დისადმი სიყვარულმა მკითხველი გულგრილი დატოვოს.

სიუჟეტი ორიოდე დღის განმავლობაში, სკოლიდან გამორიცხული 16წლის კოლფილდის გარშემო ვითარდება. ნაწარმოებში აღწერილია მისი რამოდენიმე დღიანი დამოუკიდებელი ცხოვრება.g6a7c

ჩემი  აზრით, სიუჟეტს ცოტათი აკლია დაძაბულობა, სიმძაფრე..საბოლოო ჯამში სათქმელი ნათელი და მკაფიოა. ავტორი ახერხებს დაგვიხატოს გმირების ხასიათი, ურთიერთობები, საზოგადოებრივი მდგომარეობა. გაგვიზიაროს ამერიკული ყოველდღიური ცხოვრების მანკიერი მხარეები

.,,-მინდა ვიდგე ციცაბო კლდის ნაპირას და დავიჭერო ყველა, ვინც დაღმა დაშვებას დაიწყებს. თუ ისინი სირბილით დაეშვებიან, ვერც კი დაინახავენ, თუ საითკენ გაქანდებიან. მე იქ როგორღაც უნდა აღმოვჩნდე და ისინი დავიჭირო. მთელ დღეს ამ საქმეს მივუძღვნიდი. მე ვიქნებოდი დამჭერი მოთამაშე ჭვავის ყანაში…”

ჰაინრიხ ბიოლი- ,,კლოუნის თვალთახედვა”

“კლოუნის თვალთახედვა” არის  ერთი ჩვეულებრივი ხელოვანის ცხოვრებისეული ტრაგედიით აღსავსე ყოველდღიურობა, რომელსაც ვერაფრით შეგუებია რომანის მთავარი გმირი. რა შეიძლება მთავარ გმირზე ითქვას-უბრალოდ წარუმატებელი ხელოვანი, პირად ცხოვრებაში ხელმოცარული  თუ მეამბოხე სულისკვეთებით ანთებული ადამიანი. ჰანსი, ერთი შეხედვით გამბედავი პიროვნება, რომელმაც შეძლო მიეტოვებინა სახლი, გამხდარიყო კლოუნი, ემოგზაურა საყვარელ ადამიანთან ერთად, თუმცა როდესაც მისგან მე ნამდვილ გამბედაობას მოველოდი, მან უკან დაიხია. მან არაფერი გააკეთა ცხოვრების აზრის  დასაბრუნებლად.  ვერც ლოდინი შეძლო, რომ თავის საქმეს დაბრუნებოდა და უაზრო იმედებით აღვსილმა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა სადგურში სიმღერა არჩია. ამ წიგნის კითხვისას მაღიზიანებდა, მთავარი გმირის სარკასტული მიდგომა ზოგადად რელიგიის,განსაკუთრებით კი კათოლიკეების მიმართ.რომანი ზუსტად ასახავს იმდროინდელი დასავლეთ ევროპის ცხოვრების რიტმს. ადამიანურ ურთიერთობებსა და მანკიერ თვისებებს.

the_clown_boll

ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ არ დამავიწყდება ჰანსის მიერ ტელეფონში შეგრძნობილი აყროლებული კომბოსტოს სუნი, ლობიოში ათქვეფილი კვერცხის გემო.. მარის გარეცხილი სარეცხი,გაყინული თითები, მომენტი როდესაც კბილის პასტას თავს ხდის და ასეთი წვრილმანები. აგრეთვე პატარა ბიჭი წვიმაში, მისი დასველებული წიგნები და რავიცი ბევრი ასეთი დეტალით შევიგრძნობ ხოლმე წიგნის ,,სუნს’.. მომწონდა მისი პირდაპირობა, მაგრამ  სწორედ , ამ პირდაპირობამ დაღუპა იგი. მომწონდა მისი ლამაზი სიყვარული მარის მიმართ, მაგრამ სწორედ, ამ სიყვარულმა მიიყვანა იგი უფსკრულის პირას. რაც შეეხება მარის საქციელს,   ეგოისტურად მოიქცა, როდესაც მიატოვა ადამიანი, რომელსაც იგი უზომოდ უყვარდა, რომელთან ერთადაც მან ამდენი რამ გადაიტანა. მან ვერ შეძლო საზოგადოების აზრის წინააღმდეგ ებრძოლა ბედნიერებისთვის. მარისა და ჰანსის ურთიერთობას    ჯეკ ლონდონის გმირის, მარტინ იდენისა და მისი სატრფოს ურთიერთობას ვადარებ. ორივე შემთხვევაში, ხელოვანების მეორე ნახევრები ბოლომდე ვერ უგებენ მათ, რაც ერთ შემთხვევაში ფიზიკური, ხოლო მეორე შემთხვევაში შემოქმედებითი და სულიერი სიკვდილით მთავრდება.

“კლოუნის თვალთახედვა”  – წიგნი, რომელშიც  პერსონაჟის გულშემატკივარი გავხდი, თუმცა მისმა საქციელმა, იმედი გამიცრუა,  ჰანსისთვის უფრო მეტი მემეტებოდა, ვიდრე მან თავის თავს არგუნა.